რატი ბრეგაძე – სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის სამართლებრივი შესაძლებლობა არ აქვს

საქართველოს იუსტიცის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თუ სურს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა, მას უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა.

ბრეგაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის სამართლებრივი შესაძლებლობა არ აქვს და რას გააკეთებს არაფორმალურ მმართველობას ნაჩვევი „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მათი გადასაწყვეტია.

„პირს თუ უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, მე ამ საკითხზე გამიჭირდება სამართლებრივი კომენტარის გაკეთება.

რაც შეეხება ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, ასევე მთავარსარდალი და დატოვებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას, მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და ჩადგება სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ის იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის სამსახურშიც ჩადგა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ვერ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, იმ მარტიივი მიზეზის გამო, რომ თუნდაც არ აქვს დღეს მას უფლება, იყოს რომელიმე პარტიის წევრი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, ჩართავს თუ არა საკუთარ საქმიანობაში უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, მიიღებს მისგან რჩევებს, თუ რას იზამს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.

სამართლებრივი პასუხი ამ საკითხზე არის შემდეგი – მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა არ აქვს და ახლა არაფორმალურ მმართველობას ნაჩვევი „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებს, ეს მათი გადასაწყვეტია. გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ არის საინტერესო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.