სააკაშვილმა რა შოუ, მასკარადი, ცირკი და თეატრიც დაგვიდგა, ამისთვის მან, მისმა ოჯახმა და ლობისტებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას – ირაკლი ღარიბაშვილი

მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონია, რომ მსოფლიოს არ უნახავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა: მთელი ეს შოუ, მასკარადი, ცირკი, თეატრი, რაც დაგვიდგა; მას შემდეგ, რაც აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და ლობისტებმა – ამისთვის ყოველდღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც მოუწამლავს ვინმეს, არც კვდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები. მას შემდეგ რაც მან საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ დაასრულოს ეს სიმულაციები, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მგონი უკვე არავის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ კითხვები აღარ რჩება. მე ვფიქრობ, რომ მისმა ლობისტებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას მიყენებული ზიანისთვის. ამ დიდ ბინძურ კამპანიას სამართლიანი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი”, – აცხადებს მთავრობის მეთაური.