შალვა პაპუაშვილი: „ედისონ რისერჩის“ კვლევის სანდოობა ნულია, მოსახლეობას რა უნდა, ეს არჩევნებზე ჩანს

ედისონ რისერჩის“ კვლევის სანდოობა ნულია, მოსახლეობას რა უნდა, ეს არჩევნებზე ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სანდოობაა ნული, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე და კვლევაზე, რომელიც ფინანსდება დავით კეზერაშვილის მხრიდან და სულ ახლახან კეზერაშვილმა დადო ლობისტური ხელშეკრულება, რომელიც გამჟღავნდა. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც კანონის მიღება ვერ შევძელით, ამერიკაში გამჭვირვალეა ყველაფერი და იქ გახდა ცნობილი, რომ ლობიზმს აქვს ადგილი და ამის ნაწილია ზუსტად, რომ არა გამოიკვლიონ განწყობები, არამედ შექმნან განწყობები. ეს სხვა დროსაც ყოფილა, წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო.

თუ გახსოვთ, „მოსახლეობას უნდა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოსო“ – არასერიოზულია ეს. რა უნდა მოსახლეობას, ეს ჩანს არჩევნებზე. ორი თვის წინ იყო არჩევნები, რომელმაც გვაჩვენა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უფრო მეტი ხმა მიიღო საარჩევნო უბნებზე, ვიდე 2021 წელს. დაბალი კონკურენციის და დაბალი მოტივაციის არჩევნებშიც კი ხალხმა საჭიროდ ჩათვალა მისულიყვნენ რაც შეიძლება ბევრნი, რათა ეთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის სწორი და მას მხარს უჭერენ. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს და დღეს ეს მხარდაჭერა იმდენია, რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ კვლავ მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.