ვის საკუთრებაშია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“

უკვე 15 დღეა ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაჩერებულია ყველა მაღარო. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები 14 პუნქტის დაკმაყოფილებას მოითხოვენ და პროტესტის იმგვარ უკიდურეს ფორმებს მიმართავენ, როგორებიცაა შიმშილობა, თვალებისა და პირის ამოკერვა.

პუნქტებს შორისაა ხელფასის 40%-ით ზრდა, 2023 წლის 1-ელ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება, ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება, ულუფის გაუმჯობესება, უსაფრთხოების კონტროლი და ა.შ.

ეს „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებული პროტესტის პირველი შემთხვევაა არაა და ახლო წარსულში კომპანიის ისტორია მრავალ საეჭვო და საკამათო საკითხს მოიცავს.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების საქმეში კომპანია 2000-იანი წლებიდან ჩნდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, 1993 წელს შექმნილი „ჭიათურმანგანუმის“ სააქციო საზოგადოების პრივატიზების მრავალწლიანი მცდელობა წარმატებით მხოლოდ 2005 წელს დასრულდა. აუქციონში ერთადერთმა მონაწილემ – „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“ გაიმარჯვა, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა.

გარიგების მომენტში ის ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „სტემკორის“ შვილობილი იყო. 2006 წლის ბოლოს „სტემკორმა“ ჰოლდინგის 75% უკრაინულ „პრივატ ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელიც, თავის მხრივ, 2007-2014 წლებში საქართველოში „ტაო-პრივატ ბანკს“ ფლობდა. კომპანია „პრივატის“ დამფუძნებლები უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში შემავალი იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლუბოვი არიან.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და მას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სანქციები უკრაინაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

2013 წელს „პრივატ“ ჯგუფმა „ჯორჯიან მანგანეზი“ და მის საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესების კასკადი თავის ამერიკულ ჰოლდინგზე – „ჯორჯიან ამერიქენ ელოისზე“ გადააფორმა და ეს საზოგადოებაში ახალი მენეჯმენტის მოსვლად გასაღდა.

“ჯორჯიან ამერიქენ ელოისზი” არის ლუქსემბურგის საჰერცოგოში დაფუძნებული კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, მაიამიში. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ფეროშენადნობს, რომელსაც გამოიყენებს რკინის წარმოებისთვის მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით. ესენია: Felman Production LLC, Felman Trading Inc. და CC Metals & Alloys LLC.

ახალმა მენეჯმენტმა პრობლემების მოგვარება პირობა დადო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 2013-2017 წლებში „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამ საბაბით, 2017 წელს სახელმწიფომ კომპანიაში, სამი წლით, სპეციალური მმართველი დანიშნა – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, კომპანიას თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ჯარიმა ჩამოაწერეს.

სპეციალურ მმართველს 14 პირობის შესრულება დაევალა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ისინი არ შესრულდა, დანიშნულ მმართველს ვადა სამი წლით 2020 წელს გაუგრძელეს.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ 2 წლით გააგრძელა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მართვის რეჟიმი. სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დაინიშნა, რომლის გამოცდილების შესახებაც ინფორმაცია არ იძებნება. საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გიორგი კაპანაძე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ რჩება.

ცნობისთვის, გუშინ, 19 ივნისს მორიგი მოლაპარაკება გაიმართა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით.

შეხვედრაზე რამდენიმე გადაწყვეტილებაც მიიღეს, მათ შორისაა, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება, პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იანი ზრდა და კომპანიაში აუდიტის ჩატარება. თუმცა გაფიცულებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პროტესტმა ჭიათურიდან თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გადმოინაცვლა.