ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. დეპუტატებს ძირითადი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზის 5 წლამდე შემცირებას. ასევე, მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს დადგენილ ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგები, ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში. გამოცდის შედგები კი დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით.
როგორც თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.
„პროცედურული გამარტივება არის გონივრული ნაბიჯი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ემიგრაციაში, არიან ჩვენი თანამემამულეები და რომლებსაც სურთ, რომ აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.