საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქის ნახვას გეგმავს.

„მინდა, კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო ყურადღება ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, ყველაფერი იციან, რომ არასოდეს შეუძლიათ, თქვან, არ ვიცი. სრულიად მიუღებელია აჟიოტაჟი, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასოდეს დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, როგორც ზოგიერთებს უყვართ თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი. მინდა, აქაც დავუდასტურო. უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც. მომავალ კვირას მექნება სრული პრესკონფერენცია. ცოტა ახალი ფორმატით იქნება. ყველანი იქნებით მოწვეული და ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც დღევანდელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.