საქართველოში მიკრობანკების ლიცენზირება იწყება – ვის შეეძლება განაცხადის გაკეთება

საქართველოში მიკრობანკების ლიცენზიების აღების წესი პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვრიშვილის ბრძანებიდან ვიგებთ.

მიკრობანკების ლიცენზირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკების ლიცენზირების საკითხებს, ასევე უცხოური სანდო ბანკის შვილობილ კომპანიაზე, უცხოური კომერციული ბანკის/მიკრობანკის ფილიალსა და შვილობილ მიკრობანკზე ლიცენზიის გაცემის წესს.

როგორც ბრძანებაში წერია, ეროვნული ბანკი ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.

უცხოური კომერციული ბანკის შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება გამარტივებული წესით განხორციელდეს, თუ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ განსაკუთრებულად სანდო ბანკის შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე.

სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უცხოური ბანკის შვილობილმა კომპანიამ უნდა წარადგინოს ლიცენზიის მისაღებად.

ბრძანების მიხედვით, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. ამასთან, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.