გამოკითხული ამერიკელების 62% მიიჩნევს, რომ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნულ მონაცემებს Quinnipiac University-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 34%-მა თქვა, რომ ბრალდება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, 10 ამერიკელიდან 6 ფიქრობს, რომ ტრამპი არასწორად მოიქცა, როდესაც სენსიტიური დოკუმენტები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ შეინარჩუნა.
გამოკითხულთა 51%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სასამართლო დევნას უნდა ჰქონდეს ადგილი, ხოლო 41% ამას არ ეთანხმება.
13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ბრალის წაყენება არჩევნებში ჩარევა და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის კიდევ ერთი მცდელობაა.