ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი უკრაინას საკუთარ იარაღს არ გადასცემს, რის მიზეზადაც ორ მიზეზს ასახელებს. პირველია – ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან.
„ჩვენ რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი გვაქვს. ჩვენი პილოტები რუს პილოტებთან ერთად სირიის ცაზე დაფრინავენ და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მოქმედების თავისუფლება ირანის მცდელობების წინააღმდეგ, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე დააყენონ სამხედრო პოზიციები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხებში ისრაელი თავიდანვე იყო განსაკუთრებულ სიტუაციაში, რომელიც განსხვავდება პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნების მდგომარეობიდან.
მეორე მიზეზი კი, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, საფრთხეა, რომ ეს იარაღი ბრძოლის ველზე რუსეთს ჩაუვარდეს ხელში და ის ირანს გადაეცეს, რომელიც შეეცდება, იარაღი თავად ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენოს.
„ეს არ არის თეორიული შესაძლებლობა. ეს ის არის, რაც ფაქტობრივად მოხდა დასავლურ ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ჩვენს საზღვრებზე ვპოულობთ. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
მისი თქმით, ისრაელი „დაბალანსებულ მიდგომას“ და სიფრთხილეს გამოიჩენს ამ საკითხში.