„სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს“- ასეთია ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ.
რუსთავის N12-ე პენიტენციური დაწესებულება ზუსტად შუაღამის 12 საათზე დატოვა. გვარამია პრეზიდენტის მიერ მასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა რომ არ ელოდა, ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილიც. ზურაბიშვილს მან ბოდიში მოიხადა იმ ვიდეოების გამო, სადაც ის პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა. აღნიშნა ისიც აღარ აპირებს მთავარი არხის დირექტორობას, ასევე ამ ეტაპზე არ იცის, იქნება თუ არა ტელეკომპანიის წამყვანი.
„არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც, დიდი ეჭვი მაქვს, ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა და ბოდიშს ვუხდი ამის გამო. თუმცა, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც პრეზიდენტი და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს,როდესაც ქვეყანაში არსებობს, მინიმუმ, 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება. მით უმეტეს, ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა გვარამიამ.