საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, ხომ არ იგეგმება საზღვრების ჩაკეტვა? უპასუხა, რომ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ესაა ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ.
„რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ესაა ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ესაა და ეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის” დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით.