რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ წევრებს მოუწოდა, არ შეასრულონ პრიგოჟინის ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ შეასრულონ თავიანთი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ბრძანებები და ასევე მიიღონ ზომები მის დასაკავებლად.

„მოვუწოდებთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომები, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით.