რუსული მედია: მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს რუსეთის სამართალდამცველ უწყებებში განუცხადეს.

„მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის“, – განაცხადა წყარომ.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით.