გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალი წაუყენეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განუცხადა, შუბითიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.
„სერგო შუბითიძე წარდგენილ დანაშაულს აღიარებს, წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება. სასამართლოს სხდომაზე არაფრის თქმას არ ვაპირებთ. დანარჩენი ჩვენთვის გვინდა, რომ კონფიდენციალური იყოს. მას ასე სურს. რატომ გააკეთა და რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით შემდგომ სასამართლოს მოახსენებს“-განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.