გადამდგარმა გენერალმა როლანდ კათერმა (Roland Kather) WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში გადატრიალების მცდელობას ინსცენირებად მიიჩნევს. შაბათს რუსეთში განვითარებული მოვლენების უკან იგი რუსული შეტევის ფარულ გეგმას ვარაუდობს. ბრიტანელი გადამდგარი გენერალი რიჩარდ დანატი (Richard Dannatt) ასევე აკეთებს გამაფრთხილებელ განცხადებას ბელორუსის მხრიდან ვაგნერელების თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ.
ფოტოზე (არქივი): გენერალი რ. კათერი; გენერალი რ. დანატი
გენერალ-ლეიტენანტმა როლანდ კეთერმა რუსეთში ვაგნერის ჯარის მიერ განხორციელებული ამბოხის შემდეგ შექმნილი ვითარება ასე შეაფასა:
„ვფიქრობ, ყველაფერი დადგმული იყო. უარეს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ახალი შეტევის ფარულ გეგმასთან“, – მიიჩნევს იგი. მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა თავისი დაქირავებული მებრძოლები უკან გაიხმო, გამოცხადდა, რომ იგი ბელარუსიაში გადავა. ამ მიზეზით, კათერი უკრაინისთვის საფრთხეს გრძნობს: “პრიგოჟინი მიდის ბელორუსიაში, მას თავისი „ვაგნერი“-ს მებრძოლები მიჰყვებიან და რაღაც მომენტში ისინი ჩრდილოეთიდან თავს ესხმიან უკრაინის დასავლეთ ნაწილს, კიევთან ერთად”, – დააზუსტა გენერალმა.
ბრიტანელი გადამდგარი გენერალი რიჩარდ დანატი ასევე შიშობს, რომ შესაძლოა, მოხდეს „ვაგნერის“ თავდასხმა უკრაინაზე ბელორუსიის მხრიდან, თუკი პრიგოჟინს ბელორუსიაში ბევრი დაქირავებული მებრძოლი გაჰყვება. ის ფაქტი, რომ პრიგოჟინი ახლა ბელორუსიაში გადადის, შეშფოთების მიზეზია, განუცხადა შტაბის ყოფილმა უფროსმა, კვირას, Sky News-ს. თუ პრიგოჟინი ბელორუსიის ტერიტორიაზე „ეფექტურ ძალას“ მოაგროვებს, ეს ისევ საფრთხე იქნება.
გერმანელი პოლიტოლოგი, პროფესორი გერჰარდ მანგოტი კი, იმავე WELT-თან საუბარში ამბობს, რომ „პრიგოჟინი ბელორუსიაში სათევზაოდ არ წავა“.
რატომ ვერ ისარგებლა უყრაინამ რუსეთში ამბოხის მცდელობის დროს?
მაშინ, როდესაც რუსეთში ვითარება დაიძაბა და პრიგოჟინის „ვაგნერელები“ მოსკოვისკენ დაიძრნენ, გაჩნდა ლოგიკური მოლოდინი იმისა, რომ უყრაინის შეიარაღებული ძალები ამ მომენტს გამოიყენებდნენ და ფრონტის ხაზს გაარღვევდნენ. როგორც ცნობილია, ეს ასე არ მოხდა და ფრონტის ხაზი ოდნავადაც არ შეცვლილა. გადამდგარ გენერალ კათერს ამასთან დაკავშირებით შემდეგი ახსნა აქვს:
„ვფიქრობდი, რომ მაშინ, როდესაც რუსეთს შიგნით პუტჩის მცდელობას ჰქონდა ადგილი, უკრაინის არმია ძლიერად შეუტევდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ შევცდი, ეს ასე არ მოხდა. ეს იმიტომ, რომ რუსებს დიდი დრო ჰქონდათ, ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების შესაქმნელად. უკრაინის არმიას არ აქვს საშუალება, შეტევა სწრაფად განახორციელოს. მეტიც, უკრაინელებს ჯერ რუსეთის თავდაცვის პირველ ხაზამდეც არ მიუღწევიათ, ამასობაში კი დიდი დანაკარგები განიცადეს. ეს შეტევა არ გასცილებია თავის მოსამზადებელ ეტაპს, რომელსაც მე „ბრძოლით დაზვერვას“ ვუწოდებდი“.