„როგორ შეიძლება, ვინმემ ააფეთქოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ევროპის ტერიტორიაზე და არავინ აწარმოოს გამოძიება?“ – რას აცხადებს პიტერ სიარტო „ჩრდილოეთ ნაკადთან” დაკავშირებით

„როგორ შეიძლება, რომ ვინმემ ააფეთქოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ევროპის ტერიტორიაზე და არავის ჰქონდეს სათქმელი, არავინ დაგმოს, არავინ აწარმოოს გამოძიება?“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც უნგრეთმა „თურქული ნაკადის“ მილსადენი ააშენა, დასავლეთი პარტნიორებისგან სანქციების მუქარა მიიღო.

„ჩვენს შემთხვევაში, ბოლო წლებში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ რუსეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და სერბეთთან ერთად უსაფრთხო ენერგომომარაგების ასაშენებლად. ჩვენ ავაშენეთ მილსადენი, რომელსაც ჰქვია „თურქული ნაკადი“, რომელიც ამ გზით გაზს უნგრეთს რუსეთიდან აწვდის. როდესაც ის ავაშენეთ, რამდენიმე წლის წინ, ჩვენი „მეგობრები“ და „მოკავშირეები“ მძიმედ გვემუქრებოდნენ სანქციებითაც კი. ამბობდნენ, რომ არ არის მიზანშეწონილი ისეთი მილსადენის აშენება, რომელიც არ გადის უკრაინაში. ჩვენ მათ ვუთხარით: ჩვენთვის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება პირველ ადგილზეა, ასე რომ, ნათელია, რომ გვსურს ავაშენოთ მილსადენი, რომელიც ჩვენ უსაფრთხოდ მიგვაჩნია“, – განაცხადა სიარტომ.