„ვაგნერი“ მძიმე სამხედრო ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ მძიმე სამხედრო ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

შოიგუს უწყების ინფორმაციით, ამჟამად „ვაგნერი“ მათთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაცემისთვის ემზადება.

23 ივნისს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად მოსკოვში ჩავა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას პასუხს მოსთხოვს. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მებრძოლებს უკან, ლუგანსკის ოლქში აბრუნებს.