ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული წარმატება არსებობს და უკრაინის ძირითადი სამხედრო რეზერვები ჯერ კიდევ არ ჩართულა ოპერაციაში

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული წარმატება არსებობს. ამის შესახებ რეზნიკოვმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვის განცხადებით, გენერალური შტაბი მიღწეულ წარმატებებს არ ასაჯაროებს, რათა საფრთხე არ შეექმნას უკრაინის ჯარს.

„ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ინფორმაციას თავიანთ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ მათ დაკარგეს გარკვეული მონაკვეთი ან ტერიტორია. მათ ეშინიათ ამ ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის ძალების მიერ სოფლების დეოკუპაცია კიევის მიერ დაგეგმილი შეტევის „მთავარი მოვლენა“ არ არის.

„ეს როცა მოხდება, ყველა ნახავთ. ამას ყველა ნახავს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა. მინისტრის თქმით, უკრაინის ძირითადი სამხედრო რეზერვები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში მომზადებაგავლილი და თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ბრიგადების უმეტესობა ჯერ კიდევ არ ჩართულა ოპერაციაში.

რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის არმიის მოქმედების შედეგად რუსეთის ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის არმიის დეგრადაცია არის ინსტრუმენტი, ხოლო უკრაინული მიწების გათავისუფლება – მიზანი. ამასთან, ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ელოდო სასწაულს ყველა ოპერაციაში.