ირაკლი კობახიძე: სოროსის ფონდში შეიკრიბნენ კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, ვანო ჩხიკვაძეები, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები და ეს „ენჯეოები“ შეიკრიბნენ სოროსის ფონდში და მათი თვითმიზანია, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა – ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები და ეს „ენჯეოები“ შეიკრიბნენ სოროსის ფონდში და მათი თვითმიზანია, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ბუნებრივია, ყველა „ენჯეოზე“ არაა საუბარი, ამ კონკრეტულ „ენჯეოებს“ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ შემდეგ ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, რაც გააკეთეს შარშან ივნისში. რა მოხდა მაშინ? ყველას გახსოვთ, რომ უსამართლოდ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ეს „ენჯეოები“ ავიდნენ სცენაზე და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომა. აქაც იგივე იმედი აქვთ, რომ დეკემბერში არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ისინი ავლენ სცენაზე და მოითხოვენ მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად მთავრობის გადადგომას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სტატუსს მივიღებთ. მათი შეფასებები არშესრულებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით არის სრული ლუსტრაცია იმისა, რომ ისინი არიან კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.