თინა ბოკუჩავა – ჯერჯერობით კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს ქუჩაში არ ხვრეტენ

ჯერჯერობით თბილისის ქუჩებში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს არ ხვრეტენ, თუმცა, თუ ივანიშვილი ასე გააგრძელებს სვლას და ანალოგის გადმოღებას პუტინის მმართველობიდან, გამორიცხული არც ის არის, ვითარება სულ უფრო დამძიმდეს,- ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ- ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრზე გუშინ მომხდარ თავდასხმებს.

ბოკუჩავას თქმით, მსგავს ძალადობას რიგ შემთხვევაში ხელისუფლება აორგანიზებს, რიგ შემთხვევებში კი ახალისებს.

„რიგ შემთხვევაში „რუსული ოცნება” რუსულ სტილში პუტინის ხელწერით თავს ესხმის საკუთარი ორგანიზებითვე შექმნილი ჯგუფების გამოყენებით კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რიგ შემთხვევაში კი ახალისებს ამგვარ ძალადობას და შემდეგ არ სჯის მოძალადეებს. ეს არის პუტინისთვის დამახასიათებელი პოლიტიკა ოპონენტების წინააღმდეგ. ჯერჯერობით თბილისის ქუჩებში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს არ ხვრეტენ, თუმცა, თუ ივანიშვილი ასე გააგრძელებს სვლას და ანალოგის გადმოღებას პუტინის მმართველობიდან, გამორიცხული არც ის არის, რომ სულ უფრო და უფრო დამძიმდეს ვითარება. ფაქტია, რომ ღია მოწოდებებს ვისმენთ “ოცნების” სხვადასხვა სპიკერის მხრიდან პარლამენტში, როცა ქალბატონმა წილოსანმა პირდაპირ ძალადობის მოწოდება გააკეთა. ამგვარი მოწოდებები, ბუნებრივია, ახალისებს ძალადობას და დაუსჯელობის სინდრომს,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა “ქართული ოცნების” დეპუტატის მარიამ ლაშხის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ ირლანდიის პარლამენტს აქვს საინტერესო პრაქტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას კრძალავს პარლამენტში მუშაობისას. ბოკუჩავას თქმით, ლაშხი საზოგადოებას “ცენზორად” დაამახსოვრებს თავს.

“ცოტა ტრაგიკომიკურია, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო რუსული რეჟიმის მიღმა პოლიტიკური კარიერა ჰქონოდა, საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს მთავარი საკანონმდებლო ინიციატივით, როგორც ცენზორი საბჭოურ სტილში. ძალიან სამწუხაროა, თუმცა, გასაკვირი არ არის, რომ რუსული რეჟიმი მორიგი ცენზურის ინსტრუმენტის შემუშავებით იმუქრება. ქალბატონ ლაშხს და “ოცნების” სხვა სპიკერებს შევახსენებ, არათუ სიტყვების აკრძალვა, საერთოდ “ნაციონალური მოძრაობის”, ოპოზიციური არხების აკრძალვა, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აკრძალვაა ივანიშვილის “ქართული ოცნება” და როგორც მისი ოცნებების ამსრულებლები, ამ ინიციატივებითაც რომ მოგვევლინონ მომავალში, არ გაგვიკვირდება,”- განაცხადა ბოკუჩავამ.