12 პუნქტშიც არის პუნქტები, რომლებიც სიგიჟეა, მაგალითად, გენდერული თანასწორობის; დეოლიგარქიზაცია არის ასევე სიგიჟე, სიტყვის მნიშვნელობას რომ ვერ ვარკვევთ, – ეს განცხადება „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მეგრელიშვილმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ამორალური უწოდა.
„ჩვენი დღევანდელი კანონპროექტებით ვამბობთ, რომ ადამიანს საკუთარი თავი არ ეკუთვნის. ყველაზე ჰუმანური, ყველაზე კარგი საქმისთვისაც კი სიცოცხლის გადარჩენის აკრძალვა – ამაზე დიდი არაადამიანობა რა შეიძლება იყოს?! ანუ ჩვენ არანაირი აზროვნება არ მოგვეთხოვება? მარტო „ქოფი-ფეისთი“ მოგვეთხოვება, რომ წავიკითხოთ ევროკავშირის რაღაცა დირექტივა და სამი წელი გადავუხადოთ ექსპერტებს ალბათ ასობით ათასი დოლარი, რომ კორექტულად გადმოგვითარგმნონ?ასეთი იდიოტები ვართ მართლა?! ასეთ იდიოტებად ვგრძნობთ თავს?! ან ასეთ ამორალურებად ვგრძნობთ თავს?! ჩვენი კოლეგები რომ არ არიან აქ და ფეხებზე ჰკიდიათ, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ეს ძალიან ამორალური ამბავია. არ მინდა, რომ თქვენ ეს გაიტანოთ და, მგონი, ვერ გაიტანთ და არ გაიტანთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.