რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, განსაკუთრებით თანამედროვე გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის ჟანგბადის ბალიშად იქცა. რუსი პოლიტოლოგები დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელი გავლენა იქონია პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ქვეყნების ეკონომიკებსა და უსაფრთხოებაზე, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ადგილობრივმა ეთნიკურმა კონფლიქტებმა. ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო მეტი სიმწვავით მოჩანს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობების სრულფასოვანი განვითარების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები“ – ამ სახელწოდებით თბილისში, 22 ივნისს, „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, რომელშიც ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ რუსი და სომეხი ანალიტიკოსები. ქართველი ექსპერტები კი, მათ მოსაზრებებს სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ისმენდნენ. მოწვეული ერთ-ერთი სტუმარი, რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ კირეევი ლარსის გამშვებ პუნქტზე არ შემოუშვეს, რის გამოც მრგვალმა მაგიდამ მის გარეშე ჩაიარა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე არ შემოუშვეს ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც, კირეევს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა.
“არც აფხაზეთშია ნამყოფი, არც ცხინვალში და ამ ადამიანს არასოდეს უმუშავია საქართველოს საკითხებზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს რცხილაძემ.
უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, „მრგვალი მაგიდა“ შედგა. მოწვეული უცხოელი ექსპერტები ინტერნეტის მეშვეობით ჩართეს. კონფერენციაზე პირველმა საკუთარი მოსაზრება ერევნიდან, სომეხმა ანალიტიკოსმა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ინტეგრაცია და განვითარების” თავმჯდომარე არამ საფარიანმა წარმოადგინა. მან ისაუბრა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს სომხეთისთვის ყველა თვალსაზრისით.
„ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ევრაზიის სივრცეში თანამშრომლობის განვითარებას, რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას, პოსტსაბჭოთა სივრცის ცივილიზაციის შენარჩუნებას. მეორე საკითხია ის, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალი წელია აქტიურად არსებობს და მუშაობს ევროპული კვლევების ცენტრი. შარშან გავხსენით ამერიკული კვლევითი ცენტრი. ერთი წელია მუშაობს რუსული კვლევითი ცენტრი. ჩვენ ვცდილობთ აკადემიურ დონეზე წარვმართოთ მუშაობა და მივიპყროთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება, რომლებმაც ხელი უნდა შეგვიწყონ განვითარებაში“, – განაცხადა არამ საფარიანმა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც რთულად მიმდინარეობს სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები, ძნელია რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გზების ძიება. თუმცა, იმედოვნებს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და დაიწყება სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა. საფარიანის თქმით, კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთან, თუმცა, მიაჩნია, რომ ამ პროცესში ძირეული ცვლილებები მას შემდეგ იქნება, რაც ხელი მოეწერება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას.
„ახლა მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთს შორის გლობალური წინააღმდეგობები, რაც ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. ძალიან დიდი სივრცეა ამ წინააღმდეგობის სფეროში მოქცეული – ფინეთიდან და ნორვეგიიდან შავ ზღვამდე. ამგვარად სამხრეთ კავკასია, რომელიც არის თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ტერიტორია, უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანაც მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ ეკონომიკურ თანამშრომლობაში”, – განაცხადა საფარიანმა.
სომხეთში დიდი ხანია საუბრობენ საქართველოს გავლით რუსეთთან სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენაზე. შავ ზღვაზე წვდომა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია. ამ თვალსაზრისით საფარიანმა წინა პლანზე წამოსწია აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივა.
“ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით ქართულ და რუსულ მხარეებს, დაიწყო დიალოგი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივაზე, იმიტომ, რომ ეს ხარისხობრივად შეცვლის რეგიონის ქვეყნებისთვის ეკონომიკურ მდგომარეობას. გვესმის, რომ აქ არის სირთულეები, გვსურს ჩავრთოთ პროცესში ბელორუსისა და ყაზახეთის მხარეები, რათა მაქსიმალურად მივაღწიოთ ურთიერთგაგებას”, – აცხადებს სომეხი ანალიტიკოსი.
მისი მხრიდან ასევე გამოითქვა იმედი, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ახლო მომავალში მოგვარდება. ამასთან დაკავშირებით რუსმა ანალიტიკოსმა, გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის დირექტორმა ვალერი კოროვინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების მოგვარების სცენარი უკვე წარმოუდგენელია. ეს წინააღმდეგობა ამა თუ იმ ფორმით, გაგრძელდება ყოველთვის, იქნება ეს “ცივი ომი”, თუ უფრო რბილი ფორმით.
“დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხნით გაგრძელდება, ამიტომ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს გავიხილავთ, როგორც მნიშვნელოვანს. დასავლეთმა ჯოჯოხეთური სანქციები დაუწესა რუსეთს, ანალოგიური ჯოჯოხეთური სანქციები მანამდე დაუწესეს ირანს. ამ დერეფანზე საუბარი დაიწყო 20 წლის წინ. ირანი არის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე პროცესში. დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა რეგიონში დესტაბილიზაციისთვის, რომ ეს დერეფანი არ ამოქმედებულიყო”, – აცხადებს ვალერი კოროვინი.
მისი აზრით, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ბედი დამოკიდებულია იმ ქვეყნები გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე, რომლებიც ამ სატრანსპორტო დერეფანში ჩართვას აპირებენ.
“საქართველო საკუთარი სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე თუ იმოქმედებს, შესაძლებელი იქნება ამ დერეფნის ამოქმედება”, – განაცხადა კოროვინმა.
ექსპერტებმა ისაუბრეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მიმართ ირანის, თურქეთის და ინდოეთის ინტერესებზეც. ეს უკანასკნელი ამ გზით კონკურენციას გაუწევს პაკისტანს.
ინოვაციური განვითარების ინსტიტუტის საექსპერტო საბჭოს წევრი დიმიტრი როდიონოვი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში გაცილებით მეტი დერეფნების არსებობა არის შესაძლებელი. რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ დასავლური სანქციების პირობებში ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისივე შეფასებით, დასავლეთი ცდილობს რუსეთი მსოფლიო არქიტექტურას მოსწყვიტოს. ირანს კი, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლის დიდი გამოცდილება აქვს.
“სანამ არ მოგვარდება რეგიონის ქვეყნებს შორის სადაო პოლიტიკური საკითხები, შეუძლებელია საუბარი ახალ ეკონომიკურ კავშირებზე და ამისთვის ინფრასტრუქტურის აშენებაზე. მე-20 საუკუნის კონფლიქტები ჩვენ წარსულში გვექაჩება. განადგურებულია აფხაზეთის საკრინიგზო და საავტომობილო გზა. საჭიროა ურთიერთობის ახალი არქიტექტურა, რომელიც დასავლეთისგან დამოუკიდებელი იქნება”, – განაცხადა დიმიტრი როდიონოვმა.
საბოლოო ჯამში თემატურმა “მრგვალმა მაგიდამ” კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ეკონომიკა არის პოლიტიკის მძევალი და ყველაფერი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება აქცენტებს, რომელიც დაისვა რუსი გამომსვლელების მხრიდან, საუბარია მეოცე საუკუნის კონფლიქტების მოგვარებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს, რუსეთის მხრიდან ამ თემების წინა პლანზე წამოწევა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ განაცხადა, რომ თემებზე საუბარი აუცილებელია, რათა სწორი წარმოდგენები შეიქმნას. ამოსავალი წერტილი არის ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები. გიორხელიძის თქმით, დღევანდელ რთულ სიტუაციაში, თუ სახელმწიფოს ფუნქცია არ აქვს, მაშინ მისი არსებობა საკმაოდ პრობლემურია. სახელმწიფო, რომელიც არავის სჭირდება, ვერ იარსებებს. აქ საუბარი არ არის იმაზე, თუ რა სჭირდება რუსეთის, ირანს, თურქეთს, ჩინეთს ან სხვა ვინმეს. საუბარია იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი ხდება გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე.
“სამწუხაროდ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ ეს გლობალური დაპირისპირების ფუძეები და სიღრმეები რაშია. ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა, რომელიც საერთოდ ცვლის იმ ნაკადებს, რომლებიც ათწლეულებია ჩამოყალიბებულია. მხოლოდ ამ გლობალური ინტერესების ფარგლებში შეიძლება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაანალიზება. მხოლოდ გეოპოლიტიკა განსაზღვრავს ყველაფერ ამას და არა ცალკეული პოლიტიკოსის სურვილები”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისივე აზრით, დასავლეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რუსეთს თავისი, საქართველო ჯერ ვერ გარკვეულა თავის ინტერესებში.
“ნომერ პირველი თემა – რუსეთთან დასალაგებელია უსაფრთხოების საკითხები. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების გამო შექმნილმა ეკონომიკურმა სარგებელმა გადაფარა საქართველოს მთავრობის უსაშველოდ ცუდი ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკა. მილიარდობით ფული ეპკურება ქართულ ეკონომიკას, რომელიც ამ ეკონომიკაში არ არის გამომუშავებული. რუსეთი ოფიციალურად გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი, ქვეყანა, რომელთანაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები”, – განაცხადა გიორხელიძემ.
“დღევანდელი მრგვალი მაგიდა არ ყოფილა სახელმწიფოს ან რომელიმე ერთი ორგანიზაციის დაკვეთა. ერთი მხრივ, თემა არის საქართველოსთვის ნაცნობი, მაგრამ, მეორე მხრივ ტაბუდადებული. საქართველოს ეროვნული ინტერესია, გაიხსნას ჩრდილოეთ-სამხრეთის კომუნიკაციები საქართველოზე გავლით. აქ საუბარია, არა მხოლოდ აფხაზეთის რკინიგზაზე, თუმცა ეს ჩვენთვის ცენტრალური საკითხია, არამედ შიდა ქართლში გამავალ ტრასაზეც, რომელიც როკის გვირაბით უკავშირდება რუსეთს”, – განაცხადა ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა, გულბაათ რცხილაძემ.
მისივე შეფასებით, ბოლო დროს საინტერესო პროცესები მიდის, როგორც იქნა გაფართოვდა ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის მხრიდან, საქართველოს მხრიდან შემოვლითი გზატკეცილი შენდება და დაახლოებით, მომავალი წლისთვის დასრულდება.
“ჩვენ თუ გვინდა, რომ ეს იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის დერეფანი და ქვეყანამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, არა, როგორც ტრანზიტის, არამედ, როგორც საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, მაშინ აუცილებელი იქნება რკინიგზის გახსნაც. რადგან ეს საკითხი პოლიტიზებულია, სწორედ ამის განსახილველად შევიკრიბეთ”, – აცხადებს იგი.
გულბაათ რცხილაძე მოუწოდებს დარგის ქართველ სპეციალისტებს, ბიზნესმენებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩაერთონ დისკუსიაში და თემის გარშემო გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.
„თემა გაიხსნა. შეხვედრები გაგრძელდება და იმედია, ამას ხელს არ შეუშლის ხელისუფლება“, – განაცხადა მან.
გიორგი ქართველი,