ჩვენი პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში ენახათ ის ნაბიჯები, უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერმის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მყარად იცავს ფინანსურ სანქციებს, რაც პარტნიორებმა საკუთარი თვალით იხილეს.
„ზოგადად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ქვეყანა, პასუხისმგებლიანი მთავრობა. ჩვენ თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად იცავს ფინანსურ სანქციებს და ეს ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეს, ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, აქტიურ და ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებული ჩვენი ოპონენტები, რადგან ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები და ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიჯს და მათგან ინსპირირებული გვესმოდა არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის საფუძველს მოკლებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებით. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველო ძალზე მჭიდროდ კოორდინირებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში, რათა საქართველომ გააგრძელოს იმ შედეგები, რომლებიც გვაქვს. ჩვენი ძალა არის სიმართლეში. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი არიან ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.
ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.