მოლოდინია, რომ ხვალ, პრემიერის მხრიდან გამოსვლა იქნება ძლიერი არგუმენტებით და ასევე ვნახავთ, როგორც წინა შემთხვევებში, კიდევ ერთხელ დამარცხებულ ოპოზიციას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ხვალ დაგეგმილ, პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოლოდინი ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აქვს.
„თუ გავითვალისწინებთ განსაკუთრებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს და იმას, რამდენად ჩაიშალა სააკაშვილთან და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მათი წელიწადნახევრიანი ყალბი პროპაგანდა, როგორ იქცეოდნენ რუსეთში არეულობის დროს, რა სახე აჩვენეს საკუთარ საზოგადოებას (ყველამ დაინახა, რომ ისინი იმ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველო პირდაპირ გადაეშვებოდა ისეთ ესკალაციაში, რომელიც საქართველოს ბევრჯერ უნახავს, მათ შორის ასეთი ხალხის მონაწილეობით), თავისთავად მოლოდინია, რომ ხვალ, პრემიერის მხრიდან გამოსვლა იქნება ძლიერი არგუმენტებით და ასევე, ვნახავთ, როგორც წინა შემთხვევებში, კიდევ ერთხელ დამარცხებულ ოპოზიციას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. პრემიერის მოსმენა პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე მოსვლამდე, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინა.