ირაკლი ღარიბაშვილი – ზურაბ-გირჩი ჩართულია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში, შექმნეს ბანაკები, ელაპარაკებიან იარაღზე

ერთ-ერთი მთავარ რეფორმა, რომელიც განვახორციელეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ეს არის თავდაცვის კოდექსი, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი მიიღებს ძალიან მალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კოდექსი დაარეგულირებს ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხს.

„ერთ-ერთი მტკივნეული თემა იყო რეზერვის საკითხი და ზოგადად, ჯარში გაწვევა. აქაც წარმოიდგინეთ, რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ. მათი სატელიტი, ბატონი ზურაბ-გირჩი იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. ათი ათასზე მეტ ადამიანს გზა ააუბნიეს, დააბინეს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. ჩვენ, ხელისუფლება გამოვდივართ, ვიძახით, რომ ჯარი უნდა გავაძლიეროთ და უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ. მეორე მხრივ, რა მაგალითს აძლევს ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ, ალბათ ყველაზე სამარცხვინო ქმედება უახლოესი ისტორიის მანძილზე, რომელიც მათ ჩაიდინეს, არ მინდა, გავიმეორო, როდესაც საოკუპაციო ხაზთან დადგნენ შარვალჩახდილები და შემდეგ, ეს ადამიანები გამოდიან და გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, შექმნეს რაღაც ბანაკები და ელაპარაკებიან ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე. გესმით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, ბოდიში და რამხელა სიბინძურესთან გვაქვს საქმე?! ამ სიბინძურის დასასრულებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მადლობა პარლამენტს მხარდაჭერისთვის. ქვეყანა დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს. ვეღარ შეძლებენ ვითომ მკრეხელური მღვდელმსახურების შემოღებას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სტუდენტებისთვის შემოღებულია ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ოთწლიან პროგრამას.

„სტუდენტი თუ წელიწადში ერთი თვე დაჰყოფს სამხედრო ბაზაზე, ოთხი წლის თავზე, ოთხი თვე სრულად უნდა ჰქონდეს გატარებული სამხედრო ბაზებზე, მას ჩაეთვლება მოხდილად სამხედრო სავალდებულო სამსახური. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც წარვადგინეთ. ეს ყველაფერი დამუშავებულია. ჩვენი გათვლებით, შეიძლება, 6-7-წლიან პერსპექტივაში, ყოველ წელს 10 000 რეზერვისტი მივიღოთ. ეს ძალიან დიდი ძალაა, ამას სჭირდება მომზადება, ჯარი ემზადება ამისთვის.

ასევე ვიწყებთ რეკრუტირების ცენტრების მომზადებას. ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკურურტირების ცენტრები და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო ინიციატივებია. ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს გადამზადების. გვინდა, უფრო მეტი სკოლის მოსწავლე ჩავრთოთ ჯარის ბანაკებში, არა ზურა გირჩის ბანაკებში, არა თქვენი, აი, ამ ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ რეალურად ჩვენი ქვყენის საამაყო ჯარის ბანაკებში“, – განაცხდა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, უფრო მეტი დრო დაეთმოს სკოლაში სამხედრო განათლებას, ეს ყველაფერი ძალიან მალე შეცვლის და დადებს კონკრეტულ შედეგებს.

„გაწვევა მოხდება მხოლოდ თავდაცვის სისტემაში. სალაპარაკო აღარ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო მათი მხრიდან, თითქოს ყარაულებად ვზრდით ჩვენს ახალგაზრდებს, ვიმეტებთ და ასე შემდეგ. ეს დასრულდება, ყველა სხვა უწყებები, ძალოვანი უწყებები აიყვანენ საკონტრაქტო ხელშეკრულებით თანამშრომლებს და წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში. ეს არის ძალიან მნიშენლოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.