კაცს, რომელიც შვილს მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა, პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშუალებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.