სერგეი ლავროვი – ვერ ვხედავ დიპლომატიური კონტაქტების იმავე მოცულობის აუცილებლობას, როგორც ეს იყო ნორმალურ დროს

ვერ ვხედავ დიპლომატიური კონტაქტების იმავე მოცულობის აუცილებლობას, როგორც ეს იყო ნორმალურ დროს, ვიდრე დასავლეთი ომს გამოგვიცხადებდა უკრაინის ნაცისტური რეჟიმის ხელით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთთან ურთიერთობაში რუსეთი არ ყოფილა სანქციებისა და ქვეყნებს შორის ატმოსფეროს მკვეთრი გაუარესების ინიციატორი. სერგეი ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა აბსურდული გადაწყვეტილებაა, რომელიც მომზადდა ყველა ნორმისა და წესის გვერდის ავლით, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ.

ამბოხის მცდელობის შემდეგ რუსეთის სტაბილურობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის უფრო ძლიერი და გამძლე გამოდის ნებისმიერი სირთულიდან.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გაერო-ს ძირითადი ორგანოების დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, პირველ რიგში, საჭიროა უსაფრთხოების საბჭოს რეფორმა, სადაც დასავლეთი არაპროპორციულად არის წარმოდგენილი. 15 წევრიდან ე.წ. ოქროს მილიარდი ექვს ადგილს იკავებს. ეს არ არის სამართლიანი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეცდებით უსაფრთხოების საბჭოს რაც შეიძლება მალე გაფართოებას აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ჩათვლით. ჩვენ ახლა ვხედავთ მძაფრ სურვილს, არ დაუშვან დამოუკიდებელი რუსეთის აღმასვლა მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგში. ამ მიზნით, მრავალი წლის განმავლობაში დასავლეთი ანგლოსაქსური ნაცისტური რეჟიმის ხელით ამზადებდა ომს კიევში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.