არმაზ ახვლედიანი – ჩვენს სახელმწიფოებრიობას ისეთი გამოწვევები დაუდგება, რომლის წინაშეც ის ჯერ არ ყოფილა

გთხოვთ, შევხედოთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და სხვათა შორის, ეს სიტყვა ძალიან კარგად ასახავს აზრს მთელი ამ ამბისას, როგორც რეალურად მოტივირებულს, არგუმენტირებულს და ნუ ვეცდებით საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, მნიშვნელობა, ობიექტურობა იყოს ოდნავ მაინც ეჭვქვეშ დამდგარი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

არმაზ ახვლედიანმა მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას, გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რაც მისივე თქმით 2024 წელს ქვეყანას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საშუალებას მისცემს.

„თუ ჩვენ ამ მთავარ, ფუნდამენტურ წესზე ვერ შევთანხმდებით, რომ გვჭირდება წესების ერთობლიობა, რაც საქართველოში გარანტირებულად ჩაგვატარებინებდა მომდევნო წელს სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს, მაშინ უნდა გითხრათ, რომ ყველა სხვა წესზე საუბარს აზრი ეკარგება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე გთხოვთ, დამიმტკიცოთ საპირისპირო არგუმენტებით იმიტომ, რომ საპირისპირო ვერ დაამტკიცა ვერც ერთმა წინა უმრავლესობამ.

თუ ჩვენ კვლავ ველური, თუ ნახევრად ველური წესებით ვაპირებთ 2024 წლის არჩევნების ჩატარებას, ვიცოდეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ისეთი გამოწვევები დაუდგება, რომლის წინაშეც ის ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.