ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია სუსტია, ვერ ახერხებენ რევოლუციური, ვერც სხვა გეგმის ბოლომდე მიყვანას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა ცოტნე კობერიძემ საკუთარი განცხადებით ის გეგმა ამხილა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „როგორ შეაფასებდა ცოტნე კობერიძის განაცხადებას, რომ „ოცნების“ იმიჯის შელახვა სურთ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო მცდელობა, ხელისუფლებისგან მტრის ხატი შეექმნათ.

„ამ ადამიანებს ახასიათებთ, რომ ხშირად წამოცდენები აქვთ. წამოცდა, რა იყო მათი გეგმა. ისინი ცდილობდნენ, ხელისუფლებისგან მტრის ხატი შეექმნათ და თურმე, მთელი თვეები ხელისუფლებას ამიტომ ეძახნდნენ რუსს, ა.შ. შემდეგ ადამიანები „მოლოტოვის კოქტეილების“ სასროლად მოამზადეს და აღარ დაიცვეს, კონკრეტული ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შერჩათ. რატომ? – მისივე განმარტებით, ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე არ დადგა და ბოლომდე არ მიიყვანა ის პროცესი, რომელიც მათი დაწყებული იყო. რეალურად, ამით ის გეგმა ამხილა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ. იცოდნენ, რომ საქართველოს ივნისში სტატუსი არ მიენიჭებოდა და ამისთვის რევოლუციურ გეგმას ამზადებდნენ. ისინი ამაზე აკერმანთან ერთად მსჯელობდნენ. ეს გეგმა ივნისში მაინც ჩაუვარდათ. როგორც კი სცენაზე დისკრედიტირებული „ენჯეოები“ და პოლიტილოსები გაიყვანეს, მაშინვე შემოეცალათ ხალხი. მათი წამოცდენა მართალია, რადგან მათი გეგმა ასეთი იყო. მათ გაწირეს კონკრეტული ადამიანები, რომელთაც არეულობის სცენარისთვის ამზადებდნენ და მიატოვეს. ბოლომდე ვერაფერი ვერ მიჰყავთ, ოპოზიცია სუსტია და ესეც არის სისუსტის გამოვლინება. ისინი ვერ ახერხებენ ვერც რევოლუციური და ვერც სხვა გეგმის ბოლომდე მიყვანას. შედეგია რა? – კონკრეტული ადამიანია, ვინც გზას ააცდინეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისე დატოვეს, რომ მას რეალურად ქომაგიც არ ჰყავს. ეს ძალიან ცუდია. მთავარია, ასეთი მოწყვლადი ახალგაზრდები ასეთი ზემოქმედებისგან მომავლისთვის დავიცვათ. ჩვენთვის ასეთი ტრენინგების დაფინანსება კატეგორიულად მიუღებელია. ამაზე პარტნიორებისთვის ჩვენი აზრი გვითქვამს. იმედია, შემდეგი ელჩის პირობებში ექსტრემისტული ძალების დაფინანსება აღარ განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.