საქართველოს პარლამენტის წევრებს რამდენიმე დღეა, შესაძლებლობა არ გვეძლევა, მოვინახულოთ სააკაშვილი. დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ შალვა პაპუაშვილისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე რამდენიმე თვეა, იუსტიციის მინისტრისგან ითხოვენ ნებართვას, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცეთ.
„დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში. ასევე ჩვენ რამდენიმე თვეა, ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას სააკაშვილთან, ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს. რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, გამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ საჭირო გახდა, ჩაერთონ მკურნალობის პროცესში. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისგან, პაპუაშვილისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას. საქართველოს პარლამენტის წევრებს რამდენიმე დღეა, შესაძლებლობა არ გვეძლევა, მოვინახულოთ სააკაშვილი. დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ, რომ პარლამენტის წევრს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ხალხთან შეხვედრისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ხალხს შეხვდეს და თუ საჭიროა, საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთოს და პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია პოლარიზაციის დასრულება იმ პირობებში, როცა კონკრეტულ ადამიანს 11 წელია, არ ეძლევა შესაძლებლობა, თავის ხალხს შეხვდეს. პირადად ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ყველა არჩევნებზე. წარმოუდგენელია, ამ პირობებში პოლარიზაციის დასრულებაზე ვისაუბროთ, როცა პუტინის დავალებით ასეთი ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. ჯერ ერთი, თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ თუ ასე ეშინიათ, მაშინ რაიმე ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ ამ ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, მათ შორის დებატებში ჩართვის. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა, ვის აირჩევს და როგორ იქნება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.
„მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.