მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჯენინში შესასვლელი ყველა გზა ისრაელის ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული. გვიან ღამით ჯენინის ერთ-ერთ ბინაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 28 ადამიანი, თუმცა, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

როგორც თელ-ავივში განმარტავენ, აღნიშნული ბინა ჯენინის ბრიგადების სამეთაურო პუნქტად გამოიყენებოდა, კონტრტერორისტული ოპერაციის მიზანს კი იარაღის ამოღება და პალესტინელი მებრძოლებისთვის ჯენინის, როგორც „უსაფრთხო სავანის“ აღმოფხვრა წარმოადგენს.

კონტრტერორისტულ ოპერაციაში ჩართულია ათასობით ისრაელის სამხედრო. დრონით თავდასხმის შემდეგ ადგილობრივებმა დასახლების მასშტაბით საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, მეჩეთიდან კი ისმის მოწოდებები, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინონ მებრძოლებს.

ჯენინში დაწყებულმა ოპერაციამ საპროტესტო აქციები გამოიწვია, მათ შორის ქალაქ რამალასთან საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, სადაც გასულ ღამეს ისრაელის ძალებმა პალესტინელი მამაკაცი მოკლეს. 1950-იან წლებში მოწყობილ ჯენინის ბანაკში 14 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ჰამასის, ისლამური ჯიჰადის, ფატაჰის მებრძოლები ცხოვრობენ.