საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ივნისის ბოლოს პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული მასობრივი არეულობის ტალღაში მონაწილე პირების წინააღმდეგ პირველი განაჩენი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გამოიტანეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთი მათგანი სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. სამ ადამიანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ელექტრონული სამაჯურის ტარება დაავალდებულეს, კიდევ ორს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს. რვა ადამიანი პროცედურული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

სულ სასამართლომ 30 ადამიანის საქმე განიხილა. ყველა მათგანი პირველი ივლისის ღამეს მოროდიორობის ფაქტზე დააკავეს. მათ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და ელექტროტექნიკის მოპარვაში ედებოდათ ბრალი.

ცნობისთვის, საფრანგეთში ივნისის ბოლოს დაწყებული არეულობა ხუთი დღეა გრძელდება. 2 ივლისის ღამეს პოლიციამ კიდევ 700 ადამიანი დააკავა.

პროტესტის მიზეზი გახლავთ პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობა, რომელიც პატრულმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.