შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, მომხდარს ჯარებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
„ეს გეგმები ჩავარდა პირველ რიგში იმის გამო, რომ შეიარაღებული ძალების პირადმა შემადგენლობამ ფიცისა და სამხედრო ვალისადმი ერთგულება აჩვენა. პროვოკაციას ჯარის ქმედებებზე გავლენა არ მოუხდენია. სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას“, – აცხადებს შოიგუ.
23 ივნისს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად მოსკოვში ჩავა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას პასუხს მოსთხოვს. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მებრძოლებს უკან, ლუგანსკის ოლქში აბრუნებს, თავად კი ბელარუსს შეაფარა თავი.