სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საქმეზე სამსახურის ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს.
საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ კომენტარის დროს მცირედი უზუსტობა მოხდა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ ნიუსთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კომენტარის დროს მოხდა მცირედი უზუსტობა, კერძოდ კოკა კაციტაძის პასუხი ეხებოდა არა ლუკა შველიძის საქმეს არამედ, სამსახურში მიმდინარე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. რაც შეეხება ლუკა შველიძის საქმეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მყისიერად დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა და ლუკა შველიძე დაბარებულია გასაუბრებაზე“, – აღნიშნავენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ 27 ივნისს, მედიასთან ლუკა შველიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ „იმ ვიდეო ჩანაწერებით, რაც ჩვენს ხელთ არის, არანაირი ძალადობა არ არის აღწერილი. რაც მთავარია, ლუკა შველიძე იყო მოსული, გაეცნო საქმის მასალებს და რაიმე პრეტენზია ჩვენთან, რომ საგამოძიებო ორგანომ რაიმე მოქმედება არ ჩაატარა, არ დაუფიქსირებია“.
ინფორმაციისთვის, თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე აღნიშნავდა, რომ მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა.
ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი მას პოლიციის თანამშრომლად გაეცნო. როგორც შველიძემ განმარტა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას დაკავებითაც დაემუქრა.