დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე ცხრა კანდიდატი გადავიდა

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე ცხრა კანდიდატი გადავიდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 16 ივნისს მოქმედმა ინსპექტორმა, ზურა აზნაურაშვილმა ვადაზე ადრე, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

კონკურსი 16-25 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 32-მა კანდიდატმა გამოთქვა, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა ფორმალური კრიტერიუმები. კანდიდატებს შორის ორი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრია, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე. ეს კანდიდატები არიან:  ნინო დოკაძე, ნინო ელიკაშვილი, ზაზა თაქთაქიშვილი, ანა მურაჩაშვილი-ონიანი, ლევან ნემსაძე, ზაზა ხარებავა, მეგი ჯღარკავა, ბექა ფაცაცია, შოთა ქადაგიძე.

იუსტიციის საბჭო კანდიდატებთან გასაუბრებას ხვალიდან დაიწყებს. ზურაბ აზნაურაშვილი ამ თანამდებობაზე არჩეული მეორე პირია. მანამდე თანამდებობას ქეთევან ცინცაძე იკავებდა, რომელმაც ასევე ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა და უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი, კონკურსის საფუძველზე, ხუთი წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აირჩევა. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის დანიშნულება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება/გამოკვლევაა.