თეონა აქუბარდია – შეიძლება, ზელენსკის გადაწყვეტილება უსამართლო იყოს, მაგრამ ხელისუფლებამ უკრაინასთან საერთო ენა უნდა გამონახოს

აქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უყრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფაქტობრივი გაწყვეტის საფუძველი არ გახდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი რაციონალურ აზროვნებას მოითხოვს.

„ჩემთვის საკმაოდ მძიმედ აღსაქმელი გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ, ორივე ქვეყანა ოკუპანტ ძალას ვებრძვით. ფაქტობრივად, ჩვენი ურთიერთობების დაზიანებით რუსეთის საქმეც კეთდება, რადგან სუვერენიტეტისთვის ბრძოლისას ჩვენი ერთობის მოშლა სწორედ რუსეთის ინტერესია. მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან მტკიცებისა, რომ პატიმარი სააკაშვილი ჯანმრთელია, ვნახეთ, რომ ის უმძიმეს ფორმაშია და ეს ყველაფერი, სულ მცირე, არაჰუმანურია. ხელისუფლებამ ეს საკითხი ემოციებით კი არ უნდა გადაწყვიტოს, შედეგზე დაფიქრდეს, რა შეიძლება, მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის ჭრილში. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფაქტობრივი გაწყვეტის საფუძველი არ გახდეს. ეს ყველაფერი რაციონალურ აზროვნებას მოითხოვს, რათა ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გაუარესდეს, რადგან საერთო მტერი გვყავს.

შეეძლო თუ არა „ქართულ ოცნებას“, ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, დასავლელი პარტნიორი ქვეყნებისთვის ეთხოვა, უკრაინა-საქართველოს შორის შუამავალი ყოფილიყო? ვფიქრობ, იყო და ჯერ კიდევ არის ეს შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები არსებობს, საქართველოს ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზელენსკის არცთუ სამართლიან გადაწყვეტილებაზე ემოციური პასუხი. ჩვენი ელჩი მთელი ომის განმავლობაში იქ იყო და თავის საქმეს ასრულებდა. პიროვნულად შეიძლება, ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყოს, მაგრამ ხელისუფლებამ უკრაინასთან საერთო ენა უნდა გამონახოს და პარტნიორ ქვეყნებს მედიაცია სთხოვოს, რათა აგრესიული ძალა, რუსეთი არ გავახაროთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უყრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უყრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.