ქართველთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ოცნებობდა და ოცნებობს რუსეთის დაშლაზე — სავარაუდოდ, ალბათ იმის იმედით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნდება. არც ერთი მათგანი არ ფიქრობს, რამდენად შეძლებს თბილისი დაბრუნებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი პოლიტიკის გატარებას?!
სამაგალითოდ აჭარის ავტონომიაც კმარა, სადაც მოსახლეობა ქართველია, ისეთივე წეს-ჩვეულებებით, როგორც მეზობელ გურიაში, სამეგრელოში, …, მაგრამ „დამოუკიდებლობის“ 30-წლიანმა პერიოდმა, მეზობელ თურქეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურმა კავშირებმა, აჭარლებზე, თურქთა სამსაუკუნოვანმა გავლენამ და თურქ ბიზნესმენთა აქტიურობამ აჭარაში, დაგვანახა დღევანდელი ქართული პოლიტიკის სისუსტე, ანალოგიური ურთულესი საკითხებისადმი არასერიოზული მიდგომა, რამაც ამ რეგიონზე თურქული გავლენის გაძლიერება გამოიწვია. იგივეს ექნება ადგილი აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში. სამხრეთ-ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთთან მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, სხვა საკითხია.
დაბრუნებული ყოფილი ავტონომიების მართვას თბილისი ვერ შეძლებს. ვერ შეძლებდა განვლილი 70 წლის მანძილზეც, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება-დამაგრებაც შეძლო და მათზე თბილისის მმართველობის განმტკიცებაც.
დამოუკიდებლობის 30 წელმა ბევრი რამ შეცვალა. შეგვცვალა ჩვენც, საქართველოში მცხოვრებნიც, საბჭოური პატრიოტიზმი მომხმარებლობამ ჩაანაცვლა.
ბიზნესს თავისი წესები აქვს, ის თავისას ითხოვს და სახელმწიფო ნაკლებად ადარდებს. მაგალითი ამისა ამასწინათ სანკტ-პეტერბურგში გამართული ეკონომიკური სამიტია, რომელსაც 130 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის აშშ-ს. და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს რუსეთთან კავშირების არ ქონას.
რუსეთის დაშლის მსურველო ქართველებო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ დაშლის შემთხვევაში ერთიანი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული რეგიონები პატარ-პატარა ქვეყნებად გადაიქცევიან, ერთმანეთთან მოქიშპედ, აუარება იარაღით. პოლიტიკურ დუღილს ასეთი დაშლილი ვერ დაიტევს, დაგვემუქრება ჩვენც და სხვასაც.
ჩემი ვარაუდი მთლად უსაფუძვლო არ არის, ამდენად ასეთის თავიდან აცილების შანსი უფრო მხიბლავს, ნაცვლად ქაოსისა. არასასურველი აწმყოსგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად მაინც რუსეთის პრეზიდენტის გონივრული და დროული გადაწყვეტილება მიმაჩნია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესაძლო სამხედრო გადატრიალებით გაფრთხილებული პუტინი გამოფხიზლდება, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილ პრობლემებს დროულად გამოეხმაურება, არ შექმნის დასავლეთისთვის სასიხარულო ატმოსფეროს, დროულად მოამთავრებს უკრაინის ომს და ჩაფიქრებულ დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციას.
გადაგვარებულ-გაფაშისტებული უკრაინა არა მარტო რუსეთის თავსატკივარია, არამედ ჩვენიც.
ჰამლეტ ჭიპაშვილი
სტატია სრულად: “ისარი“