„ჩემი შეხედულებით, უკრაინული შეტევის პირველი ფაზა მარცხით დასრულდა“ – ავსტრიული გვარდიის მეთაური

ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი, ავსტრიის შეიარაღებული ძალების გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი მარკუს რაიზნერი გერმანულ n-tv -სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი აზრით, „უკრაინული შეტევის პირველი ფაზა მარცხით დასრულდა“.

ავსტრიელი პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმია შეეცადა ისე ემოქმედა, როგორც ამერიკულ სახელმძღვანელოებში წერია – მასიური შეტევა განეხორციელებინა, მაგრამ უკვე გვიან იქნა გაცნობიერებული, რომ რუსები ძალზე კარგად არიან მომზადებულნი და მათი თავდაცვის გარღვევა ვერ მოხერხდება.

რაიზნერის აზრით, უკრაინული ჯარებისთვის კარგი ის არის, რომ ტაქტიკა შეიცვალა და დიდი შეტევის ნაცვლად, უკრაინელები მცირერიცხოვანი შეტევითი ჯგუფებით ახორციელებენ დარტყმებს, თუმცა ეს ტაქტიკა, ეფექტურობის მიუხედავად, „ძალიან, ძალიან ნელია“.

ავსტრიული გვარდიის მეთაური ამტკიცებს, რომ ახლა დადგა ეტაპი, როდესაც უნდა გაირკვეს, რომელ მხარეს აღმოაჩნდება მეტი გამძლეობა.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს წარმატებისათვის აუცილებლად ესაჭიროება კარგად ფუნქციონირებადი სამხედრო ავიაცია და ასევე, მაღალი სიზუსტის და 300 კმ-იანი რადიუსის მოქმედების სარაკეტო სისტემები – თანაც, დიდი რაოდენობით. ექსპერტის მიხედვით, ეს არის გზა, რომ ზეწოლა რუსულ ლოგისტიკასა და ხელმძღვანელობაზე გაიზარდოს.