შალვა პაპუაშვილი – ცინიზმის მწვერვალია, როცა ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის

ცინიზმის მწვერვალია, როცა ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი ნიკა გვარამიაა.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომაც არის, რომ მას ეს არცერთხელ თავად არ უხსენებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა, უცხოელი აქტორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ გვარამია შეეწყალებინა. მან შეწყალების შემდეგ ზუსტად იმას გაუსვა ხაზი, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთხელ ეს არის ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როცა ამ შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის. თუ ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი ნიკა გვარამიაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ნიკა გვარამიას შესვლას გამოეხმაურა.

„როგორც გუშინ შევიტყვე, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, რომელიც მასთან შევიდა. ეს ცალკე სიყალბის თეატრია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაიდგა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკა გვარამიამ გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც გვარამიამ განაცხადა, „პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი და სააკაშვილთან დაკავშირებით მისი თხოვნა უნდა შესრულდეს“.