გია ვოლსკი – უყრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს

უყრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, უყრაინის გადაწყვეტილება უსამართლო და უსაფუძვლოა.

„უკრაინის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება არის მიღებული. ეს, უსამართლოსთან ერთად, უსაფუძვლოცაა, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი და გულდასაწყვეტია. უკრაინაში კარგად იციან, თუ რაოდენ მძლავრი პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს საქართველოსგან ყველა კრიტიკულ მომენტში. უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ. საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო და მოხალისეების წასვლას ორგანიზება არ გაუკეთა და უკრაინამ ელჩი მაშინ გაიწვია, როცა აშკარა პოლიტიკურ თემებზე საუბარი საერთოდ არ იყო. „შავ ხვრელებთან“ ყბადაღებული თემები მოიგონეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ კი, ახალი ვერსია „მოხარშეს“ – სააკაშვილის „მოწამვლის“, რომელმაც ასევე არ იმუშავა და მას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.

ახლა მცდელობაა იმის, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას. ეს იმდენად აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური განცხადებებიც არაა საჭირო. „ნაცმოძრაობა“ ამას უკვე ღიად აცხადებს“,-  განაცხადა გია ვოლსკიმ.

უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უყრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უყრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უყრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

როგორც უყრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, მზად არის, უყრაინა მისთვის მიცემულ ვადაში დატოვოს.