გიორგი ვაშაძეს ნატვრა აუხდა – ჩელიაბინსკის საჰაერო ტრასა იხსნება!

ამ სიცხით გათანგულ დილას, ბლომად წყალი მივირთვი და რუსულ პრესას ჩავუჯექი. „ევრიკა!“ – აღმომხდა და გრაფინიდან წყალი გადამესხა. ეს რა გულთმისანი „პოლიწიკი“ გვყოლია -წამოვისროლე ფრაზა. საოცრების მომსწრე ვართ, ხალხნო. გახსოვთ, ქართული თანამედროვეობის ჯორჯ ვაშინგტონი, ბატონი გიორგი ვაშაძე რას ამბობდა ? ჩელიაბინსკში ფრენა თუ გსურთ, იფრინეთო …

ჰო და, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, როსავიაციამ ნებართვები გასცა რუსული ქალაქებიდან საქართველოში ფრენებზე. ჩამონათვალში ქალაქი ჩელიაბინსკიც გახლავთ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი აეროკომპანია იფრენს, მაგრამ უკვე დღესვე შემიძლია, ვუთხრა ბატონ გიორგი ვაშაძეს: – ჭიჭე, ჭიჭე, накаркал, дорогой ты мой და გულწრფელად და მხურვალედ მსურს მოგილოცო, ძამიკო – ჩელიაბინსკის საჰაერო ტრასა იხსნება!

სერიოზულად, კი ქალაქი ჩელიაბინსკი მილიონიანი ქალაქია და ურალის ფედერალურ ოლქში შედის. სხვათა შორის, ამ ოლქიდან როსავიაციის ნებართვა ეკატერინბურგმაც მიიღო, რომელსაც 2019 წლამდე პირდაპირი რეისები აკავშირებდა საქართველოს ქალაქებთან…  რეალურად რომ ითქვას, ურალში მცხოვრებ ქართველებს გაუმართლათ. ახლა ჯერი საქართველოს შესაბამის უწყებაზეა.

 

ბექა კვიციანი