გურამ მაჭარაშვილი – უკრაინაში თანამდებობის პირებმა ხანდახან ნამუსსაც მიაკითხონ ხოლმე

ხანდახან ნამუსსაც მიაკითხონ ხოლმე, როცა იტყვიან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ჩვენ არ გვისაუბრიაო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც პოდოლიაკმა აღნიშნა: „რასაც აცხადებს ყველა სუბიექტი, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, იგივე კობახიძე რასაც ამბობს, ეს არის პირდაპირი ტყუილი. არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, საქართველოს გაეხსნა მეორე, მესამე თუ მეათე ფრონტი. კობახიძისთვის დავმარცვლავ, არ არის საჭირო ტყუილი. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „პოდოლიაკს დამარცვლა არაფერში სჭირდება, მით უმეტეს, კობახიძეს დამარცვლით რომ უპასუხოს“.

„უკრაინის თანამდებობის პირებისა და მის მიერ ნათქვამს ასო-ასო დავუმარცვლი: არესტოვიჩის განცხადება იყო – „ახლა არის დრო, რომ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთში შევიდეს და დაიკავოს, რადგან იქ რუსის ჯარი აღარ დარჩა“; გონჩარენკომ თქვა – „ახლა ის დროა, როცა ქართველებს აფხაზები და ოსები მოენატრა, მათაც მოენატრათ ქართველები და ახლა არის შესვლის შესაძლებლობა“; პოდოლიაკის განცხადება იყო – „ვინც ოკუპირებულია, მას შესაძლებლობა აქვს, ტერიტორიები დაიბრუნოს“; ბოლოს აგვირგვინებს დანილოვი – „დნესტრისპირეთს და საქართველოს ომი რომ ჰქონდეთ საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“. ბატონო პოდოლიაკ, ეს არის დამარცვლული თქვენი განცხადებები. ხანდახან ნამუსსაც მიაკითხონ ხოლმე, როცა იტყვიან, ჩვენ არ გვისაუბრია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზეო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.