„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ოფიციალურად გაცხადებული ქიმიური იარაღის მარაგი განადგურებულია.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ში დაადასტურეს, რომ ქიმიური საბრძოლო მასალის უკანასკნელი მარაგი კენტუკის შტატში მდებარე ქარხანაში განადგურდა.
„ვულოცავთ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყანას და ამ შემთხვევაში – აშშ-ს. ეს არის დიდი მიღწევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქიმიური იარაღის სრულად განადგურების გზაზე“, – განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიას გონსალესმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა ოფიციალურად გაცხადებული ქიმიური იარაღის უკანასკნელი მარაგი.
ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია 1997 წლის აპრილში შევიდა ძალაში. აშშ-მა და სხვა ხელმომწერმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ ქიმიური იარაღის მარაგებს 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაანადგურებენ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ქიმიური იარაღის მარაგი 2017 წლის 27 სექტემბერს გაანადგურა.