სალომე ზურაბიშვილი – მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება

მოვუწოდო შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა ერთ მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება, დღეს ორივე დაირღვა.

„ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული ადგილიც და პირობებიც, ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცველ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემუი და ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. შეკრების უფლების დაცვა სწორედ, რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომცდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება – ამ ფორმითა და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგონოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმაც და შინაარსიც არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედებს.

საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს.

რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.