რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი პრობლემები აქვთ ბახმუტის მიმართულებით და უკრაინის ძალებს ქალაქის გათავისუფლება შეუძლიათ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელებს დიდი უპირატესობა აქვთ არტილერიის მხრივ, ხოლო რუსული ძალებისთვის უკრაინის არტილერიის მოძებნა და განადგურება საკმაოდ პრობლემურია.
„2023 წლის ივნისში ბრძოლების ინტენსივობის შენელების შემდეგ ბახმუტი კვლავ ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ადგილი გახდა. უკრაინის ძალები ქალაქს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უტევენ. რუსული ძალების ბრძოლისუნარიანობა და საბრძოლო სულისკვეთება საკმაოდ დაბალია,“ – წერენ ბრიტანელი ანალიტიკოსები.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთისთვის პოლიტიკურად მიუღებელია ბახმუტის დაკარგვა და ის ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, რეზერვებს გადაისვრის.
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით დაახლოებით 1 კმ-ით წინ წაიწიეს.