რუსეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის (პირველი არხი) ეთერში ვნახე პროგრამა „პოეხალი“-ს გადაცემა მიძღვნილი აფხაზეთზე. პროგრამის წამყვანებმა, ორმა რუსმა ჟურნალისტმა, გაგვაცნო აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები, თანამედროვე ცხოვრება, ადგილობრივი სამზარეულო, დასასვენებელი ადგილები…
მართლაცდა, თვალწარმტაცი ქვეყანაა — სილამაზით განთქმული. „ქვეყანააო“ — გამიწყრება მკითხველი. ქვეყანა კი არა, საქართველოს განუყოფელი ნაწილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააო, — შემახსენებენ „პატრიოტი“ ქართველები.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ისაა, რაც მე გითხარით, თუმცა დიდი სიამოვნებით გავიზიარებდი თქვენს ნათქვამს — აფხაზეთის ავტონომიას, საქართველოს ფარგლებში, მაგრამ ამაო თავის მოტყუება იქნება. ამაო მოტყუება იქნება ისიც, რომ საქართველოს ამ შესანიშნავ მარგალიტს დავიბრუნებთ და დავიბრუნებთ ჩვენი მეგობარი საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით.
მაინც როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროცედურა აფხაზეთის, საქართველოში დაბრუნების?
ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტენ, ხელში აიღებენ აფხაზეთს და საქართველოში გადმოიტანენ თუ საქართველოს საზღვარს ძველი, საბჭოური რუკის მიხედვით აღადგენენ?
არაო! — მეტყვით, — გაეროში გამოაცხადებენ ხმამაღლა, ბრძანების კილოთიო. კეთილი, მაგრამ დღეს არ აცხადებენ? დღეს კი არა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აცხადებენ, მაგრამ ვინ უგდებს ყურს?!
მსოფლიოს არც ერთ ორგანიზაციას, მათ შორის არც გაეროს უშიშროების საბჭოს არ აქვს ისეთი უფლებამოსილება, ქართველებს რომ გაგვახარებს.
მაშ, რა, დავკარგეთ? ამაზე, ძვირფასო „პატრიოტებო“, მაშინ უნდა გეფიქრათ, ვიდრე ბანალაშლილი ყელში წვდებოდით აფხაზებს. მაშინ უნდა გეფიქრათ, ჯარის მაგვარს რომ აგზავნიდით აფხაზეთში, ვითომ რკინიგზის დასაცავად „სახელოვანი“ მხედართმთავრების კიტოვანის, იოსელიანის, სხვათა მეთაურობით და შევარდნაძის „მთავარსარდლობით“.
მაშინ ფიქრისთვის სად გვეცალა, ახალ დამოუკიდებელ ქვეყანას ვაშენებდით — კომუნისტური „კლანჭებიდან“ გათავისუფლებულს.
მოდით ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, საქართველოში მენშევიკური მმართველობა რომ გაგრძელებულიყო, შევძლებდით აფხაზეთის შემოერთებას?
„შემოერთება“ რა შუაშია, აფხაზეთი ხომ საქართველო იყოო? — შემეპასუხებით. იყო, მაგრამ იყო სხვაც, მაგალითად ასეთი თარიღი, 1490 წელი — ერთიანი საქართველოს დაშლის თარიღი, რის შემდეგ საქართველოს სამთავროებმა თვით მიხედეს თავიანთ თავს, მათ შორის აფხაზეთმაც.
რაც შეეხება მენშევიკების მიერ თბილისის გავლენის ქვეშ უკვე დისტანცირებულთა მოქცევას, სამხრეთ ოსეთის ომიც კმარა — ასი წლის შემდეგ რომ საშინელებად აღიქვამენ სამხრეთელი ოსები.
საეჭვო იყო თვით მენშევიკური ხელისუფლების არსებობაც. რუსეთის იმპერიის დაშლის და რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ შექმნილმა ქაოსმა მენშევიკურ ხელისუფლებას გაუჩინა რუსეთის იმპერიის ნაწილზე, საქართველოზე მართველობის ილუზია.
მენშევიკურმა ხელისუფლებამ ისიც ვერ იფიქრა, რომ ფეხზე წამომდგარი რუსეთის ახალი ხელისუფლება მეფისდროინდელ გეოგრაფიულ ჩარჩოებში ყოფნას მოისურვებდა და არ დაუშვებდა დასავლელთა, განსაკუთრებით ინგლისელთა ბატონობას, რუსეთის იმპერიის სამხრეთის ტერიტორიებზე, რაც აღასრულა კიდევაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ.
სწორედ ბოლშევიკთა ძალისხმევით, შემდეგ საბჭოთა კავშირის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ფორმირებები აღმოჩდნენ საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში და 70 წლის განმავლობაში იყვნენ ამ სტატუსით.
საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დაიშალა საქართველოს სსრ-კაც, ანუ ფაქტიურად დაიკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად — იურიდულად. საქართველოს ორი ყოფილი ავტონიმია რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და არა მარტო მან, არამედ მისი ხათრით რამდენიმე ქვეყანამ.
რა გამოდის? იყო საბჭოთა კავშირი და იყო საქართველოს სსრ-ა — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებით. დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საქართველოს სსრ-ც, ანუ დარჩა საქართველო იმ ტერიტორიების გარეშე, რომლებიც საბჭოთა კავშირის წყალობით იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში?!
„დამოუკიდებელმა“ საქართველომ ვერაფერი გამოიგონა, გარდა ძალისა აღნიშნული ავტონომიების საქართველოს შემადგენლობაში დასამაგრებლად. არადა იყო ამის შანსი, საქართველოს მაშინდელ მმართველს, შევარდნაძეს, აფხაზთა ლიდერის არძინბას წინადადებაზე ჯეროვანი, ჭკვიანური პასუხი რომ გაეცა და არა ძალისმიერი, რომელმაც გამოიწვია აფხაზეთის ფაქტობრივი დაკარგვა. იურიდიულად კი დაშორება, შევარდნაძის შემცვლელმა, სააკაშვილმა განახორციელა — გაიმეორა რა წინამორბედის „სიბრძნე“ — საკითხის ძალით მოგვარებისა.
ჰოდა, ახლა ვზივარ და ვუყურებ რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ პროგრამას და გულდაწყვეტით ვტკბები აფხაზეთის სილამაზით — შორიდან, დინსტანციურად, ვინაიდან იქ ჩასვლის შანსი მოგვისპო სააკაშვილმა და მაშინდელმა პარლამენტმა — სადამსჯელო კანონის მიღებით. და მოგვისპო არა მარტო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პირიქით, პროპაგანდას უნდა უწევდეს ხელისუფლება აფხაზეთში ჩასასვლელად და აფხაზეთთან საერთო ენის გამოსაძებნად, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც.
2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ნაცვლად ჩვენგან წასული ავტონომიების მცხოვრებლებთან კონტაქტების დამყარებისა, პირიქით, მოგვიწოდებს დაშორებისკენ.
სულ ახლახანს, პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლის დროს ოპოზიციამ გაახმაურა „საიდუმლო“ ამბავი — აფხაზეთში გამავალი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით თბილის-მოსკოვის მოლაპარაკებების წარმოება.
პასუხი ხელისუფლებისა იყო მყისიერი — მსგავსს არ აქვს ადგილი და არც ექნებაო! არადა მას უნდა ეთქვა, რომ ასეთს ჯერ-ჯერობით ადგილი არ აქვს, მაგრამ ჩვენი სურვილია — ჰქონდეს.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — თუ გვინდა ურთიერთობების აღდგენა, რომელთა გარეშეც ტერიტორიული მთლიანობა შეუძლებელია, მაშინ პოზაში კი არ უნდა ჩავდგეთ და უარი არ ვთქვათ შესარიგებელ თუნდაც ნახევარ ნაბიჯზე, უნდა ვიაქტიუროთ. ფანჯარას რომ ჩაგვიკეტავენ, კარის ჩაკეტვის შემდეგ, არ უნდა ვითაკილოთ და უნიტაზიდან უნდა ამოვიდეთ.
რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს კონტაქტების აღდგენას, ერთმანეთის ახლიდან გაცნობას, ბიზნეს-ურთიერთობების გაჩენას, … რასაც უნდა მოჰყვეს ურთიერთ ვიზიტები, მაგრამ მანამდე საჭიროა სააკაშვილისეული კანონის გაუქმება.
როგორც ვხედავთ, ქართულ პოლიტიკას არ სურს რკინიგზის აღდგენა, არც აფხაზებთან ურთიერთობა, მაშინ რა საჭიროა ყბადაღებული, სისტემატური ლაპარაკი — ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო, დავიწყოთ ახალი ცხოვრება ერთად, ერთ სახელმწიფოში, ჩვენ სუფრის თავში, თამადის სტატუსით, თქვენ — ფართო ავტონომიის.
იმათ რომ გვიპასუხონ დავიწყოთო, თუმცა ამის იმედი არ მაქვს, როგორ ვუპასუხებთ?! როგორც ჩანს, უარით!
თანხმობა რომ გვსურდეს, რკინიგზაც უნდა აღვადგინოთ და ყველა ის კავშირი, რომელიც გვქონდა საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში.
რკინიგზის გაშვების შემდეგ ურთიერთობები უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე ენგურჰესზე ერთობლივი მუშაობა?
გამოდის რომ საქართველოს პოლიტიკას, მედიას, პოლიტოლოგიას არ სურს რკინიგზის აღდგენა და აფხაზებთან ურთიერთობების დაწყება. ის ინერციით ლაპარაკობს, ფართო საზოგადოების დასამშვიდებლად და არა საკითხის მოსაგვარებლად. გამოდის, რომ ხელისუფლება-ოპოზიცია გვატყუებს, ვინაიდან დასავლელი დამრიგებლები დატუქსავენ მათ წასულებთან კავშირების აღდგენისთვის.
დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენა არ მიაჩნია სავალდებულო ღონისძიებად, რაც საქართველოს ეკონომიკას ერთიორად გააჯანსაღებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის სურვილი არ არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, ვინაიდან ასეთთან გაუჭირდება ურთიერთობა.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი ვერასდროს მოაგვარებს წასულების საქართველოში შემობრუნებას, ვინაიდან მას ეს არ შეუძლია და გარდა ამისა, სურვილიც არ აქვს. დასავლეთისთვის სუსტი საქართველო, ოღონდ ანტირუსული – ისაა, რაც უნდა, ანუ ქვეყანა, რომელიც მუდამ იქნება ანტირუსული განცხადებების გენერატორი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი