კოღომ გიკბინათ, ძალიან გექავებათ და არ იცით როგორ მოიქცეთ? მოკლე ინსტრუქცია

რა თქმა უნდა, უმჯობესია, კოღოს ნაკბენს თავი საერთოდ აარიდოთ და ამისთვის რეპელენტები გამოიყენოთ. თუმცა, ეს თუ მაინც მოხდა, შეგიძლიათ ამ მოკლე ინსტრუქციას გაეცნოთ.

 

პირველ რიგში, არ მოიქავოთ!

 

გასაგებია, რომ ძალიან გექავებათ, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, თავიდან თითქოს გესიამოვნებათ, მერე კი უფრო მოგექავებათ. უფრო მეტიც, მოქავების გამო შეიძლება განვითარდეს ინფექცია, რომელიც თქვენს შეგრძნებებს ბევრად გააუარესებს. თუ მაინც იქავებთ, ფრჩხილები მაინც მოკლედ დაიჭერით, კანი რომ ძლიერად არ დაიზიანოთ.

 

გამოიყენეთ ქავილის საწინააღმდეგო რომელიმე საშუალება

 

თუ კოღომ გიკბინათ და ეს ადგილი გექავებათ, ნაკბენი ადგილი საპნითა და ძმრით კარგად ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რომელიმე საშუალება. თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ ეფექტურობის საუკეთესო (თუმცა არავითარ შემთხვევაში – იდეალური) მტკიცებულება არის ნივთიერებების მხოლოდ ერთ ჯგუფში, ეს არის მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტები ჩვეულებრივ გამოიყენება ალერგიის დროს და არ იწვევს ძილიანობას, პირველი თაობის პრეპარატებისგან განსხვავებით. მეორე თაობის ანტიჰისტამინები, რომლებიც შესწავლილია და კოღოს ნაკბენით გამოწვეული ქავილის დროს ეფექტური აღმოჩნდა, ცეტირიზინს, ლევოცეტირიზინსა და რუპატადინს შეიცავს.

ამ პრეპარატების მიღება შეიძლება წინასწარ, თუ იცით, რომ კოღოები დაგკბენენ. ამ მიზნით კვლევებში გამოყენებული წამლების ჩამონათვალი ოდნავ განსხვავებულია: ცეტირიზინი, ლორატადინი, ფექსოფენადინი და რუპატადინი. თუმცა ეს პრეპარატები ყველასთვის ეფექტური ვერ იქნება. ამიტომაც თუ კოღოს ნაკბენით გამოწვეული ქავილი ჯერ კიდევ აუტანელია, შეგიძლიათ რიგრიგობით სცადოთ ალტერნატიული მეთოდები და თქვენთვის იდეალური იპოვოთ.

ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციისა თუ ინდივიდუალური ექიმის რეკომენდაცია ასე გამოიყურება:

  • დაიდეთ ცივი საფენი – შეგიძლიათ 10 წუთის განმავლობაში დაიდოთ ყინული ან ცივი წყლით დასველებული პირსახოცი. ამასთანავე, შესაძლებელია გრილი შხაპის მიღება. გაითვალისწინეთ, პირსახოცი აგრესიულად არ უნდა მოისვათ, რადგან მოქავების ტოლფასია.
  • ადგილობრივად წასასმელი მენთოლიანი საშუალება (მაგ. მალამო);
  • გათბობა – არსებობს სპეციალური მოწყობილობებიც კი, რომლებითაც ნაკბენის ადგილს ათბობენ.
  • გლუკოკორტიკოიდული ადგილობრივი საშუალებები – მაგ. ჰიდროკორტიზონის კრემი. თუ აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია დაბალია, მაშინ ასეთი საშუალება რეცეპტის გარეშე გაიცემა;
  • კალამინის ლოსიონი;
  • ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, როგორიცაა სპრეი და კრემები პრამოქსინით ან ლიდოკაინით. თუმცა მათი რეგულარული გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან მზის ზემოქმედებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს;
  • წყალში გახსნილი საჭმელი სოდა, რომელიც შეგიძლიათ 10 წუთის შემდეგ მოიწმინდოთ;
  • ადგილობრივი ანტიჰისტამინური საშუალებები, მაგრამ ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული დიდ მონაკვეთზე და არც ორალურ ანტიჰისტამინებთან ერთად.

არსებობს კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელთაც შესაძლოა მდგომარეობა ოდნავ მაინც შეამსუბუქოს:

  • არ წაისვათ კანზე პარფიუმერიული პროდუქტები;
  • ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც თქვენს კანს არ გაღიზიანებს და სიგრილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს (ზოგჯერ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს)

 

ზოგჯერ ხდება ისე, რომ კოღოს ნაკბენის შემდეგ, ადამიანს მხოლოდ შეწითლებული და ქავილის შეგრძნების მქონე შეშუპებული ადგილი კი არ უჩნდება, რამდენიმე საათის შემდეგ კანის მნიშვნელოვანი ნაწილი ძლიერად შუპდება და წითლდება, ტემპერატურა იმატებს და პაციენტი თავს ცუდად გრძნობს. ეს უფრო ხშირად ხდება ბავშვებში და მათში, ვინც აღმოჩნდება სხვა ქვეყანაში და ადგილობრივი კოღოს ნერწყვი მის ორგანიზმში პირველად ხვდება. ეს არ არის სიცოცხლისთვის საშიში და თანდათანობით რეაქცია ნელდება.

თუმცა თუ ასეთი სიმპტომები რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდა, მაშინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია, რომლის დროსაც ანტიბიოტიკები  ინიშნება.

იშვიათად, ადამიანები რეაგირებენ კოღოს ნაკბენზე ისე, რომ ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. მათ უვითარდებათ ანაფილაქსია – სწრაფი ალერგიული რეაქცია, რომელსაც, შესაძლოა, თან ახლდეს შეშუპება, არტერიული წნევის ვარდნა და სუნთქვის გაჩერება. შესაბამისად, თუ ადამიანი იხრჩობა, სახე შეშუპებული აქვს, მთელი სხეული ექავება და გამონაყარი აღენიშნება, ოპერატიულად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო და გაუკეთოთ ადრენალინი, თუკი ის ხელთან ახლოს გაქვთ.