დღესდღეობით, საქართველოში სავალუტო რყევების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმდინარე პროცესების მეტი სტაბილურობის გარანტად ფიქსირებული ლარის მოდელის შემოღებაზე ალაპარაკდნენ. საბანკო სფეროს სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან სასარგებლოა, რაზეც ქვეყნის მთავრობას გარკვეული ზომების მიღება მოუწევს და ყველაზე ოპტიმალური გზა ფიქსირებული კურსია.
მოდელი, რომელსაც სავალუტო ფონდი და მისი მხარდამჭერები ისტერიულად ეწინააღმდეგებიან, სინამდვილეში ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. რამდენად გაამართლებს ეს მოდელი საქართველოსთვის, ჯერ კიდევ საკამათოა, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ეს გზა აირჩიეს. რეგიონის ქვეყნებიდან ასეთი აზერბაიჯანია. ომის შემდეგ კი უკრაინაც იმავე გზას დაადგა.
როგორც დინამიკა აჩვენებს, ფიქსირებული კურსის გამო აზერბაიჯანული ვალუტა მეტ-ნაკლებად მყარია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში 1 დოლარი 1,05 მანათი იყო. როდესაც დიდი დევალვაცია მოხდა, 2015-2016 წლებში 1,5-ზე გადახტა კურსი და ბოლოს უკვე 1,7 მანათის დონეზე შენარჩუნდა. ეს ნიშნავს, რომ ოფიციალური კურსი დადგენილია და არ იცვლება, შესაბამისად, ბიზნესი უფრო სტაბილურად გრძნობს თავს. ამ მოდელის უარყოფით მხარედ სპეციალისტები საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებულ ხარჯს მიიჩნევენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ეს კარგი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტ-იმპორტისთვის. ამასთანავე ფიქსირებული კურსი სპეკულაციურ მომენტებსაც გამორიცხავს.
ახალი მოდელის მნიშვნელობასა და საქართველოს რეალობასთან შესაბამისობაზე ისაუბრა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საბანკო სფეროს სპეციალისტმა ლია ელიავამ და ხაზი გაუსვა, რომ ფიქსირებული კურსის მექანიზმს, ძირითადად, იყენებენ ქვეყნები, რომლებიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს უგულებელყოფენ.
,,ბევრი განვითარებადი ქვეყანა ეწინააღმდეგება სავალუტო ფონდის მოთხოვნებს და ატარებს დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელო იორდანია, სადაც ადგილობრივი დინარი ფიქსირებულია დოლართან 0,7-ის დონეზე. ეს კურსი არის შენარჩუნებული მათი ცენტრალური ბანკის მიერ და ნებისმიერი გაცვლითი ოპერაცია ხდება ფიქსირებული კურსით, რაც ნიშნავს, რომ იქ სავალუტო რყევას ადგილი არ აქვს. წლების განმავლობაში ბიზნესს და ფიზიკურ პირებს გააჩნიათ საშუალება, დაგეგმონ თავიანთი მომავალი და არ მიიღონ გაუთვალისწინებელი ზარალი. ეს ქმნის ეკონომიკურ და სხვათა შორის, სოციალურ სტაბილურობასაც.
უკვე ბევრ ქვეყანაშია ასეთი მოდელი, რაც არ მოსწონს სავალუტო ფონდს. მათი ინტერესია ნებისმიერი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის თავისუფლად გადინებაში.
ბევრი სახელმწიფო საერთოდ არ ემორჩილება ეროვნულ ბანკს, მაგალითად, შრი-ლანკა, სადაც მკაცრი სავალუტო კონტროლია და იქიდან ვალუტის გატანა უაღრესად შეზღუდულია, თუმცა ვალუტის შედინება მხარდაჭერილია”, – უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს” ლია ელიავამ.
მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავსებით მისაღებია ფიქსირებული კურსის დაწესება, რაც ეკონომიკისთვის დიდ სარგებელს მოიტანს.
,,საქართველოს თავისი სპეციფიკა გააჩნია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური პროცესის დაჩქარებას, ბიზნესის ამოქმედებას, წვრილი წარმოების განვითარებას და სხვა, უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც ეკონომიკურად სარგებლიანია. ძალიან ვზარალდებით იმის გამო, რომ კურსი არის მერყევი. ეროვნული ბანკი აგროვებს ვალუტას, რასაც მერე ხარჯავს ლარის დევალვაციის პერიოდში. ეს არის უწყვეტი პროცესი, რის გამოც ბიზნესი ვერ გეგმავს თავის გრძელვადიან საქმიანობას, მას უწევს თავისი პროდუქციის და მომსახურების ღირებულების გაზრდა იმის გაანგარიშებით, რომ კურსი შეიძლება შეიცვალოს და ამისთვის რისკების დასაზღვევად ფასების ზრდა უწევთ.
ამიტომაა, რომ ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი მომსახურებას უჭირავს, ვინაიდან სექტორი სწრაფ მოგებას იძლევა, რაც სავალუტო კურსზე ნაკლებად არის დამოკიდებული; მაგრამ ეკონომიკის გაძლიერების მაჩვენებელი რეალური სექტორის განვითარებაა, რაც იძლევა დოვლათს, მომსახურებას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ცხადია, ფიქსირებული კურსის დადებითი მხარეების შესახებ კარგად იციან სებ-შიც, მაგრამ არ უნდათ უარი უთხრან სავალუტო ფონდს და საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ამისთვის სითამამე აკლიათ”, – დასძინა ლია ელიავამ.
ფიქსირებული კურსის დადებითი მხარეები ცნობილია ფინანსური ბაზრის მკვლევარ მიხეილ თოქმაზიშვილისთვის, თუმცა ამბობს, რომ ნაკლოვანებები გაცილებით მეტია, რის გამოც ქვეყანაში ამ მექანიზმის დანერგვა ვერ მოხერხდება.
,,ფიქსირებული თუ მცურავი კურსის ფორმირება ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკის განვითარებაზე. როდესაც დეფიციტი გაქვს საგადასახდელო ბალანსში, ფიქსირებული ლარის კურსი, ბუნებრივია, შესაბამის რისკებს ვერ გაანეიტრალებს. შესაძლოა ქვეყანას ვალები დაედოს და სხვა საფრთხეც შექმნას.
როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი მოდელი სჯობს, უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ და მხოლოდ თუ რა სიტუაციასა და გარემოებაშია ქვეყანა. ფიქსირებული კურსით ადვილია ბიზნესის ადაპტირება და შესაბამისად, ხანგრძლივი სტრატეგიის დაგეგმვა, თუმცა პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიზრდება საგადასახდელო დეფიციტი.
მცურავი კურსის ცვალებადობა ბევრ უარყოფით შედეგს უკავშირდება, ვინაიდან, შეიძლება არასწორი მოლოდინი გაჩნდეს, რეზერვებთან დაკავშირებითაც შეიქმნას პრობლემა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი”, – აღნიშნა თოქმაზიშვილმა.
რაც შეეხება დადებით მხარეებს, მან ექსპორტის შესაძლებლობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ბიზნესის სტაბილურობის კუთხით ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი ნაკლოვანებების გამო საეჭვოა ამ მოდელის შემუშავება ჯერჯერობით დღის წესრიგში დადგეს. ერთ-ერთი გამოსავალი კი შერეული მოდელია, რასაც რიგი ქვეყნები მიმართავენ.
,,ფიქსირებუილ კურსს აქვს დადებითი და უარყოფით მხარეც. რომელი უფრო მეტია, ცალსახად ვერ ვიტყვით, ეს დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებასა და მოთხოვნა-მიწოდებაზე.
არსებობს შერეული მოდელი, როცა ფიქსირება ხდება და მერე ისევ მცოცავზე გადადიან, თუმცა ფიქსირება არ უნდა იყოს ადმინისტრაციული. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელოვნურად არ უნდა აფიქსირებდეს ეროვნული ბანკი კურსს. ბევრი ქვეყანა გაექცა ასეთ პოლიტიკას, სულ უფრო ნაკლები ქვეყანა იღებს ადმინისტრაციულად ფიქსირებულ კურსს, თუმცა შეიძლება იგი შემოღებულ იქნას ბაზრის მიერ და არა ადმინისტრაციულად“, – აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
წყარო: resonancedaily.com