პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
აქუბარდია მდინარაძის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან 12 ივლისის სხდომაზე გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, წინა ხელისუფლებამ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და დადგენილებით საზღვრები რუსეთს თავად შემოუსაზღვრა და ახლა როცა ბორდერიზაციას ახორციელებს, ამ წითელ ხაზებს მიჰყვება.
აქუბარდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების სიმცდარის მიუხედავად, ადმინისტრაციული საზღვრები დადგენილი არ იყო, რისი გადამოწმებაც პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით მარტივად შეიძლება.
მისივე შეფასებით, მდინარაძის განცხადება, უკანონო ბორდერიზაციის გამართლებას ნიშნავს.
აქუბარდია “ქართულ ოცნებას“ მიმართავს, “ნაციონალურ მოძრაობასთან ომს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანის ინტერესს ნუ გადააყოლებს.
“პარლამენტის სხდომაზე, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის შეფასებისას “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მნიშვნელოვანი დეზინფორმაცია გაავრცელა, რაც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მან თქვა, თითქოს რუსული ბორდერიზაცია იმ საზღვრებს მიყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ცხინვალის ადმინისტრაციისა და ზემო აფხაზეთის დროს შეიქმნა. ამით როცა მან ბრალი წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გადაიტანა, რუსული ბორდერიზაცია ამ ფორმით გაამართლა.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილების სიმცდარის მიუხედავად, ადმინისტრაციული საზღვრები დადგენილი არ იყო, რისი გადამოწმებაც პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით მარტივად შეიძლება. აღნიშნულ საკითხზე მიხეილ სააკაშვილს ოპოზიცია თავის დროზეც აკრიტიკებდა და დღეს როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ოკუპაციასა და ფართომასშტაბიან აგრესიას ახორციელებს, ხოლო საქართველოში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბორდერიზაციის ამგვარი შეფასება არის დაუშვებელი და ის რუსეთის გამართლებაა.
“ქართულ ოცნებას“ ბევრი რამის გამო წინა ხელისუფლების გაკრიტიკების უფლება და შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ამ პროცესში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესის დაზიანება და ამ ფორმით რუსეთის უკანონო ბორდერიზაციის გამართლება დაუშვებლად მიმაჩნია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.