ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიაზე ნეგატიური გადაცემების მომზადების შემდეგ, ადამიანებმა დააზიანეს ხატები და შეურაცხყოფა მიაყენეს სასულიერო პირებს. ცოტა ხნის წინ, ქაშვეთის ეზოში ტაძრის დარაჯს თავი გაუტეხეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის მიხედვით, 2012 წლიდან დღემდე, ე.წ კრიტიკულ მედიებს 4560 ნეგატიური გადაცემა და რეპორტაჟი აქვთ მომზადებული, ქართულ, მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

„ეს არის დაახლოებით, თითოეულ სასულიერო პირს რომ გაუკეთონ ორი ასეთი [ნეგატიური] გადაცემა. თითქოს და არგუმენტებით, სინამდვილეში სულ მოსაზრებებია, მაგრამ შთაბეჭდილებას ახდენს მაინც. ცდილობენ ეკლესიის დემორალიზებას და საზოგადოებაში ზიზღის გაღვივებას, სასულიერო პირების, პატრიარქის, მოსაყდრის წინააღმდეგ. სამწუხაროდ არსებობს რამდენიმე მძიმე ფაქტი, როდესაც მსგავსი ნეგატიური გადაცემების მომზადების შემდეგ, ადამიანებმა დააზიანეს ხატები და შეურაცხყოფა მიაყენეს სასულიერო პირებს. რაღაც რუბიკონი გადალახულია, რომ დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა ეკლესიაში. ცოტა ხნის წინ, ქაშვეთის ეზოში, ტაძრის დარაჯს თავი გაუტეხეს. ანუ, მიმდინარეობს კამპანია, რომ თუ ეკლესიის მსახურს რამე ცუდს გაკეთებ, ეს არის საზოგადოებრივი სიკეთე, რადგან ესენი არიან ბნელები და ესენი არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები“, – ამბობს ჯაღმაიძე.